პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ამორალური და ძალიან ბინძური იყო.
პრემიერის განცხადებით, საზოგადოებამ იხილა ე.წ. რუსული რბილი ძალის გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. რუსულ რბილ ძალაზე, აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ რუსული „რბილი ძალის“ პროპაგანდისტული მანქანა ეფუძნება „საუკეთესო“ საბჭოთა ტრადიციებს, რომლის მთავარი პრინციპი გახლავთ მეტოქეს დააბრალო ის, რაც ჩაიდინე შენ. ჩვენ ვიხილეთ სწორედ ამ ძალის გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ ვხედავდით ზღვა დეზინფორმაციას და ფეიკ ნიუსებს მთავრობის, საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ. საპრეზიდენტო კანდიდატს ადანაშაულებდნენ ღალატში, რუსეთთან გარკვეულ გარიგებაში და ჩვენ დავინახეთ ის, რომ მათი პოლიტიკური სახე და წამყვანი პოლიტიკოსი ჩადის მოსკოვში და ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების წინაშე გამოდის სცენაზე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ ეს საბჭოთა და რუსული პროპაგანდისტული მანქანა ცდილობდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ჩვენი ეროვნული ინტერესები. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გარკვეულმა ნაწილმა მიიღო ამ ძალიან ცუდ პროცესში, ქვეყნისთვის საზიანო პროცესში მონაწილეობა“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ოქტომბერს გაიმართა.