დღეს, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე არასრულწლოვნები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კიდევ ერთხელ გამოკითხეს.
ისინი საგამოძიებო უწყებაში კანონიერ წარმომადგენლებთან, მათ შორის ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდნენ. არც ერთი ადვოკატი არ საუბრობს გამოკითხვის დეტალებზე.
ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფიც უშუალოდ მონაწილეობდა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას გაშველებაში, მიიჩნევს, რომ გამოძიება მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს.
„ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მე როგორც ადვოკატი და იურისტი, მივესალმები. გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და დამატებით კითხვებს ვერ ვუპასუხებ“, – განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.
ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, მუშაობს თუ არა გამოძიება საქმეში ახალი ფიგურანტების გამოკვეთაზე.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს გეტყვით. ასევე აი ასეთმა საუბრებმა შეიძლება ზიანი მოუტანოს გამოძიებას. პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც რომ არ ეთქვა რაიმე, გამოძიება მაინც მუშაობდა, ორი სიტყვით გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია ეს საკითხი. არ შემიძლია, ვისაუბრო რაიმეზე, მაგრამ იქნებ, დაადგეს საშველი ამ ყველაფერს“, – განაცხადა ადვოკატმა
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად ორი მოზრადი, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე გარდაიცვალა.