ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

შს მინისტრი: დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში მუდმივი სამედიცინო მომსახურება იქნება

„დღეს არ არსებობს არცერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებდეს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში, დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების კომპონენტზე საუბრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, კიდევ ერთი მიმართულება გახლავთ დროებით მოთავსების იზოლატორები, სადაც ინფრასტრუქტურულ ნაწილში ფაქტობრივად გადახალისდა მათი კომპონენტი.

“დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ თავიდანვე დაგპირდით, არ არსებობს არცერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებდეს. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, 24 საათის მაგივრად ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. ასევე დროებით მოთავსების იზოლატორების ნაწილში, ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები, მუდმივი სამედიცინო მომსახურების კონტექსტში. 7-დან გაიზარდა 14-მდე ის დაწესებულებები, სადაც უკვე არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, ხოლო წლის ბოლომდე, 2019-ის ბოლომდე, ყველა – 29-ვე დაწესებულებაში, იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაჩნდა არასრულწლოვნებისთვის სპეციალური სივრცე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ინფრასტრუქტურულ ნაწილში 2019 წელს, თბილისში დაიწყება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა, რომელიც განთავსდება ავჭალაში და რომელიც გათვლილი იქნება დაახლოებით 200 ადამიანზე.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

იტვირთბა....