“ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ თუ სახელწიფო ზრუნავს, პურზე დაბალი ფასი შეინარჩუნოს, ეს ყოფილა საბჭოთა კავშირი”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.
როგორც მან TVპირველის ეთერში აღნიშნა, გიორგი ქობულია მინისტრად დანიშვვნისთანავე შვებულებაში გავიდა და ამით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
“ეკონომიკის მინისტრს ჩვენი ყურადღება მხოლოდ ამ უკანასკნელი, სრულიად აბსურდული განცხადებით არ დაუმსახურებია, რაც ის დაინიშნა თანამდებობაზე, ყურადღების ცენტრშია. ჯერ მინისტრი არ იყო, რომ უკვე შვებულებაში გავიდა და რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოჩენილა. ევროკავშირში ჩვენი ერთერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორის, გერმანიის კანცლერის ვიზიტის დროსაც კი არ შეუწყვეტია შვებულება. მერე თქვა, რომ თუ სახელწიფო ზრუნავს, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დაბალი ფასები შეინარჩუნოს, პურზე კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ყოფილა საბჭოთა კავშირი. არადა ყველა ნორმალური ქვეყანა, განვითარების დასაწყის ეტაპზე, ზრუნავდა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები ყოფილიყო ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი, დღესაც იგივეს აკეთებენ”, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ასევე შემაძრწუნებელია ეკონომიკის მინისტრის უკანასკნელი განცხადებები.
“ის ამბობს, რომ უნდა გავყიდოთ ფოსტა, რკინიგზა, ლიანდაგები არა, მაგრამ მასზე ოპერირების უფლება. უნდა გავყიდოთ საქართველოს ენერგო სისტემა ანუ მისი მთავარი კრედო არის ისევ ბენდუქიძის იდეოლოგია, რომ ყველაფერი გავყიდოთ, ყველაფერი გავიტანოთ საპრივატიზაციოდ. ვინ იხეირა პრივატიზაციით 90-იან წლებში? ჩვენ თუ რამდენიმე ადამიანმა? ვინ იხეირა პრივატიზაციით 2000-იან წლებში? ჩვენ, თუ რამდენიმე ადამიანმა ან ობშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიებმა? ვინ იხეირებს დღეს ამ პრივატიზაციით? ჩვენ, თუ ის ადამიანები, რომლებიც წლებია, სვავებივით დატრიალებენ რკინიგზას, ენერგოსისტემას და სხვა დაწესებულებებს. 2018 წელი აღბეჭდილი იყო ჩემთვის ძველი ეკონომიკური ხედვების ნიშნით, ისევ იგივე იდეოლოგიის ნიშნით. ამის სიმბოლური გამოხატულება იყო ქალბატონი ნათია თურნავაც, რომელიც იყო ვანო ჩხარტიშვილის მოადგილე, ბენდუქიძის მოადგილე და დღეს უკვე არის ქობულიას მოადგილე. და რას ამბობს – როგოც ვიცით საპენსიო რეფორმას ატარებენ და გვეუბნებიან, რომ დაგროვებითი პენსია შემოვიღოთ, თურნავა ამბობს – სანამ თქვენ აიღებთ ამ თანხას, მანამდე, მას ჩვენ დავხარჯავთ ნენსკრა ჰესის დამთავრებისთვის, ხუდონჰესის დამთავრებისთვის, სვანეთის ჩაძირვისთვის”, – ამბობს ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ მინისტრი ქობულია არის მულტიმილიონერი, ამიტომაც ის მსჯელობს და ზომავს თავსი სოციალური ჯგუფისა და კლასის საზომებით.
“მისნაირი ადამიანები არიან საქართველოს მოსახლეობის 0.01% დანარჩენს უჭირს ისე როგორც ტყიბულში”, – აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ.