ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთს არ სურს აღიაროს ჩვენს მიერ განსაზღვრული წითელი ხაზები” – კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული წითელი ხაზები და რუსეთს არ სურს ამის აღიარება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრესი რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობებში შეზღუდულია.

„2012 წლის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ პროგრესს რუსეთთან ურთიერთობებში. ეს არის ჰუმანიტარული, სავაჭრო და ეკონომიკური საკითხები, სადაც არის პროგრესი, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, პროგრესი შეზღუდულია, ვიტყოდი, რომ ნულის ტოლფასია. პირიქით, ჩვენ ვიხილეთ ნეგატიური ასპექტები. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო რთული გახდა არა მხოლოდ იქ მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვისაც. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული წითელი ხაზები და რუსეთს არ სურს ამის აღიარება. ეს წითელი ხაზები ეხება ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირი და ნატო ის ძირითადი ინსტიტუტებია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავენ.

„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა გარემოებებს. მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნის ძირითადი ინტერესები სათანადოდ იქნება დაცული და ევროკავშირი და ნატო ის ძირითადი ინსტიტუტებია, რომლებიც ჩვენს ინტერესებს იცავენ“ – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....