ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კირკიტაძის სახლთან სპეცოპერაციის მცდელობის იმიტაცია ჰქონდათ” – ხაბეიშვილი

დავით კირკიტაძის სახლთან დღეს სამართალდამცველებს სპეცოპერაციის მცდელობის იმიტაცია ჰქონდათ –  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დავით კირკიტაძის სახლთან ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

„თავად მოიპარეს არჩევნები და გაგვილახეს აქტივისტები. ქალბატონი ია კერზაიას მკვლელობაში გახარიაა ეჭვმიტანილი. გუშინ თავად იძალადეს აქტივისტებზე და ახლა დევნა დაიწყეს პოლიტიკურ ოპონენტებზე. სპეცოპერაციის ჩატარების მცდელობის იმიტაცია ჰქონდათ აქ. უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როცა კრიმინალები ებრძვიან მშვიდობიან მანიფესტანტებს. ათეულობით პოლიციელი იყო აქ. საკუთარი თვალით ვნახე მას შემდეგ, რაც აქ მოვედით დათოს მეგობრები. არ გამოვრიცხავ, დაკავების ოქმიც არ ჰქონდათ, რადგან ძალიან მალე გაქრნენ. თუ საბუთი ეჭირათ, ალბათ განახორციელებდნენ. სადარბაზოში ათეულობით პოლიციელი იყო. ვეცდებით, ეს კადრები მოვიპოვოთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით კირკიტაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სახლთან დილით პოლიცია იყო მობილიზებული. დავით კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

იტვირთბა....