საქართველოში განხორციელებული რეფორმების და მიმდინარე მოვლენების შესახებ ევროპარლამენტარი საჯად კარიმი სტატიას აქვეყნებს.
„ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე რეფორმები ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს ასახავს. საქართველოს ახლა პირველად ჰყავს ქვეყნის მეთაური არჩეული ქალი და იუსტიციის მაღალკვალიფიციური ქალი მინისტრის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სასამართლო სისტემა სრულიად გამჭვირვალე და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი ხდება“, − წერს ევროპარლამენტარი.
მისივე თქმით, საქართველოში ასეთ პროგრესს ვერავინ ივარაუდებდა.
„ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების კომპონენტს მოიცავს, ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. მას შემდეგ საქართველო ცდილობს, თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოოს. ამის შედეგად, 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლე პერიოდის განმავლობაში უვიზოდ შეუძლიათ ყოფნა.
მიმდინარე წლის ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა ეს პოზიცია, რაც ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ნებისმიერი შემდგომი აგრესია არ იქნება შეწყნარებული. ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტში დელეგაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ვმასპინძლობდი. სამივე ქვეყნის ელჩები და წარმომადგენლები იზიარებდნენ ერთსა და იმავე პლატფორმას, რაც რამდენიმე წლის წინათ წარმოუდგენელი იყო. ეს ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა, ამ საპარლამენტო განზომილებისა და ჩემი თანათავმჯდომარეების არმენ აშტოიანის, თამარ ხულორდავასა და ჯავანშირ ფეიზიევის, ასევე, ელჩების მარკარიანის, საბანაძის და ისგანდაროვის, გარეშე, რომლებიც ამ პროცესის ძირითადი თანამონაწილეები იყვნენ“ – წერს ევროპარლამენტარი.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.