ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული.
სხდომათა დარბაზი ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„დღეს გამოუცხადეს სასამართლოს და საზოგადოებას, რომ ვითომ მე მოვიტყუე, ბუტა 24 ნოემბერს მოკლეს და მემორიალი 23-ში გავხსენით. აქედან ჩანს რას წარმოადგენენ, რა ტყუილს ბოდავენ და როგორი მართლები არიან. დამნაშავეების სინდისზე, ნამუსზე, ადამიანობაზე უკვე ლაპარაკიც აღარ შეიძლება. თუმცა, დღეს გადააჭარბეს ტყუილში და კიდევ ერთხელ სცადეს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ 23 ნოემბერს გაიხსნა მემორიალი იმ ადგილას, სადაც ბუტას წაართვეს სიცოცხლე, რომელიც სააკაშვილის მიერ დახვრეტილ ახალგაზრდებს ეძღვნება. 23 რიცხვში იმიტომ გაიხსნა ეს მემორიალი, რომ 23-ში გავიდა, გიორგობას ჩემი შვილი სახლიდან გიორგობის აღსანიშნავად მეგობრებთან. არ მოუშვეს ჩემი შვილი სახლში ამ მხეცებმა, ვისი სასამართლოც მიმდინარეობს.
უკვე აღარ შემიძლია, 6 წელია ამათ შეურაცხყოფას და სიცრუეს ვუსმენ. გარდა იმისა, რომ ჩემი შვილის ბოლო წუთებს ვუსმენ, დღეს კიდევ ამხელა შეურაცხყოფა მოვისმინე. მართლა გაუსაძლისია. ბოლო სხდომაა და დაისვენებს საზოგადოებაც, რომელიც შევაწუხე ამ სასამართლოებით. დაისვენებს ჩემი შვილის სულიც და მეც ალბათ”, – აცხადებს მეტრეველი.
მეტრეველს მოსამართლისგან სამართლიანი განაჩენის მოლოდინი აქვს.
“მოლოდინი მაქვს, რომ მომსამართლე სამართლიან განაჩენს გამოიტანს, ისიც ადამიანია, მასაც ჰყავს შვილები და 6 წელია ამ არაადამიანების ტყუილებს უსმენს. იმედი მაქვს, სამართლიანად მოიქცევა და ღმერთის შეეშინდება”, – აცხადებს მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.