ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“შევწუხდი, როდესაც ეს ისტორია წავიკითხე”: აშშ-ს დიპლომატი ელჩის დაბლოკვის ინფორმაციას ეხმაურება

გავლენიან ამერიკულ გამოცემაში Foreign Policy-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატის დაბლოკვა ხდება, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მიზეზად ის დასახელდა, რომ კანდიდატი ბრიჯიტ ბრინკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი მეტისმეტად კეთილგანწყობილად მიიჩნიეს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაკეთა ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ.

მისი თქმით, თუ ქვეყანა მართლაც ბლოკავს აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრინკის კანდიდატურას, “ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, რაც ქვეყნის დემოკრატიის სიმწიფეს ცუდად გამოაჩენს”.

„ძალიან შევწუხდი, როდესაც ეს ისტორია „ფორინ პოლისიში” წავიკითხე. არ ვიცი, დაადასტურეს თუ არა, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს საქართველოს მხრიდან მიღებული ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ის არის უზომოდ კეთილსინდისიერი და დაბალანსებული პიროვნება და მე არ ვფიქრობ, რომ ლოიალურია რომელიმე უცხოელი თუ ადგილობრივი პოლიტიკოსის მიმართ. თავისი პროფესიული გამოცდილებით, ის არაჩვეულებრივი ელჩი იქნებოდა იმ დროს, როდესაც საქართველოს კარგი რჩევა სჭირდება. საქართველო ისევ დგას რუსული საფრთხის წინაშე და ქვეყნის შიგნითაც ბევრი გამოწვევა აქვს. ამერიკის ძლიერი ელჩი აქტივს წარმოადგენს და არა პრობლემას.” – აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.

მისი თქმით, თუკი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს ცუდად გამოაჩენს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფეს და იქნება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ჰყავდეს ნამდვილად ძლიერი ელჩი, რომელიც იცნობს საქართველოს, არის საქართველოს მეგობარი და შეუძლია, დაეხმაროს იმ ბევრ გამოწვევასთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც დგას.

შეგახსენებთ, Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიას აშშ-ს ელჩის დაბოკვასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ერთხმად აკეთებდნენ განცხადებებს, რომ გამოცემაში მოყვანილი ფაქტები დეზინფორმაციაა. განცხადება ასევე უარყო დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....