ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 16 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში ისტორიული დღეა, რადგან ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია.

მისი თქმით, დოკუმენტის მთავარი მიღწევაა, რომ სრულად გამორიცხავს ავტოკრატიის განმეორებას.

„90-იან წლებში ჩვენი მთავარი პრობლემა იყო, რომ სხვადასხვა ხელისუფლებას ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბების საშუალება ეძლეოდა. სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადავდივართ, რომელიც  ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმად  არის აღიარებული საყოველთაოდ. 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა  საპარლამენტო მმართველობასთან თავსებადი არ არის.

„ამის დასტური იყო ეს საპრეზიდენტო არჩევნები. საპრეზიდენტო კანდიდატები პროგრამებით ვერ გამოდიდონენ და ხშირ შემთხვევაში,  ტყუილი დაპირებების გაცემა უწევდათ. არჩევნები კონცეტრირებული იყო პიროვნულ თავდასხმებსა და შეურაცხყოფაზე.  ეს იმ ნონსესის გამოძახილი იყო, რასაც საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი არჩევნების ჩატარება ჰქვია. არასწორია და კარგია, რომ შემდეგი არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მისივე თქმით, ძლიერდება ოპოზიცია, საქართველოში  მაღალი სტანდარტით იქნება დაცული ადამიანის უფლებები, გაიზრდება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები და ფართოვდება პროკურატურის დამოუკიდებლობა.

„ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც 16 დეკემბერს ამოქმედდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლასთან ერთად, პარლამენტის ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად პარლამენტს ქმედით ბერკეტებს ანიჭებს.

„მთავრობის წევრების სხდომაზე დასწრების თვალსაზრისით პარლამენტის ბერკეტები ფართოვდება. ამ ყველაფერს პრაქტიკაში ვნახავთ, როცა ცვლილებები ამოქმედდება. საპარლამენტო მმართველობის პირობებში პარლამენტი ძლიერდება და  ხელისუფლების დანაწილების სისტემაში საკვანძო ორგანო ხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სპიკერის შეფასებით, ამ გამოწვევისთვის რისთვისაც საკანონმდებლო ორგანო მზად არის.

„პარლამენტის საქმიანობაში მთელი რიგი ხარვეზები იყო, რაზეც ღიად ვსაუბრობდით, თუმცა ამავდროულად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად კონკრეტული გეგმა გვქონდა. ამაზე ვიმუშავეთ, ავსახეთ კონსტიტუციასა და რეგლამენტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ ყოველის ამის შედეგს  საზოგადოება ძალიან მალე იხილავს.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს თელავში ინაუგურაცია გაიმართება

იტვირთბა....