ანა დოლიძე მიწის უცხოელებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო შეცდა, როდესაც პირდაპირ გაიზიარა 2012 წლის მცდარი გადაწყვეტილება.
როგორც ან აღნიშნა ქვეყნის მდგომარეობისა და გეოგრაფიის გათვალისწინების გარეშე მიწის საკითხთან სწორხაზოვანი ლიბერალური მიდგომა არ გამოდგება.
„პირველ ორ საქმეში არის ორი უცხოელი, დანიელი და ავსტრიელი, ხოლო ბოლო საქმეში კი ექსპატრიანტები, ანუ საქართველოდან წასული ბერძნები, რომელთან სახლ-კარი აქვთ და ვერ იმტკიცებენ. ამ ჯგუფის მდგომარეობა სხვა არის, მათ საქართველოში დატოვეს სახლ-კარი, საკუთრება და საშუალება უნდა მიეცეთ, ახლა ეს პარლამენტმა უნდა გააკეთოს კანონის მიღებით, რომ მათ ეს ქონება დაუმტკიცდეთ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა იანვარში უნდა მიიღოს კანონი, კონსტიტუციის ცვლილების შესაბამისად, სადაც უცხოელებს ექნებათ საშუალება გრძელვადიანი იჯარით გამოიყენონ მიწა.
„არგუმენტები „ეკონომიკას დააზიანებს და ინვესტორები ფულს ვერ ჩადებენ“ არ მიიღება. კეთილი ინებოს მთავრობამ და ეკონომიკური წარმატების ჩარჩო სტრატეგიული რესურსების განიავების გარეშე შექმნას”, – აცხადებს დოლიძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.
შეგახსენებთ,რომ უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს. 16 დეკემბრამდე კი პატრიოტთა ალიანსისა და ქართული მარშის წევრები იუსტიციის სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და როგორც თვითონ ამბობენ ცდილობენ, დაიცვან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან ქართული მიწის ყიდვა.