ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში, თანხის ჩასარიცხად გადასულ მამაკაცს მანქანა გასტაცეს

ავტომობილის გატაცების შემთხვევა თბილისში – ახალგაზრდა მამაკაცმა დიდუბის მეტროსთან გაჩერებული ავტომობილი იმ დროს გაიტაცა, როდესაც მფლობელი ჩასარიცხ აპარატთან შეჩერდა და მანქანიდან გადმოვიდა.

შემთხვევა დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის მოხდა.  გამტაცებელმა სულ რამდენიმე წამიანი შესაძლებლობით ისარგებლა, Honda Fit-ის მარკის ავტომობილი გაიტაცა, თუმცა შორს უკვე ვეღარ წავიდა.

გამტაცებელს რამდენიმე კილომეტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა და შედეგად გატაცებულთან ერთად კიდევ 5 მანქანა დაამტვრია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე დააკავა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

დაზარალებულების განცხადებით, მათ ადგილზე ბრალდებულის მამისგან გაიგეს, რომ ავტომობილის გამტაცებელი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოიქცა, თუმცა უცნობია რა მკურნალობას გადიოდა ის. დაკავებულის მამას მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რუსთავი 2

იტვირთბა....