ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აქციას გავაგრძელებთ პარასკევამდე, რომ რამენაირად მეტი მიწა შევინარჩუნოთ” – ემზარ კვიციანი

უსტიციის სახლის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სახლთან სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ აქცია 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ პარასკევამდე აქციას, რომ რამენაირად მეტი მიწა შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ გასხვისებას. ჩვენ რა შუაში ვართო, გვითხრეს, წადით სასამართლოსთან გამართეთ აქციაო. იქ ახლა პიკეტირება იქნება, თუ აქცია, არაფერს არ გვაძლევს.

არანაირი შეფერხება არ ექნება საქართველოს მოქალაქეებს, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ. ვინც არის საქართველოს მოქალაქე, ვინც მოსულია სხვა საქმეზე და არა მიწის გასაფორმებლად, მათ არ შევუქმნით შეფერხებას, გავატარებთ, ჩამოვიწევით და მივცემთ შესვლის საშუალებას.

მოვუწოდებ მოსახლეობას, ხვალ, 10:00 საათზე შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ, რომ ბევრი ვართ“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ამასთან, „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, დღეს აქცია სამუშაო დღის დასრულებამდე, 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„იუსტიციის სახლი არ მოდის მოლაპარაკებაზე და გეგმავენ ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვას. ჩვენ აქ ვაგრძელებთ პიკეტირებას, ვრჩებით ბოლომდე და ყველას, ვისაც უნდა, რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს, ველოდებით ხვალ აქ. დღეს არ იშლება პიკეტი. სამუშაო საათების დასრულებამდე ყველანი ვრჩებით აქ და საჭიროების შემთხვევაში, დაიდგმება კარვებიც. ჩვენ ვითხოვთ საჯარო რეესტრის იმ ნაწილის მუშაობის მოშლას, რომელიც ცდილობს უცხოელებზე მიწის გაყიდვას. სხვას ეს არ ეხება. პიკეტირების დროს საქართველოს მოქალაქეების შესვლა/გამოსვლის შეჩერებას არ ვცდილობთ“,- განაცხადა ბაღათურიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, იუსტიციის სახლში რამდენიმე ადამიანი შეუშვან და დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა შეჩერდეს ეს პროცესი, ვიდრე კანონი ამოქმედდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

იტვირთბა....