საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია, შესაძლოა, სამ ლოკაციაზე გაიმართოს,- ამის სესახებ პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ, კახი კახიშვილმა განაცხადა.
კახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, სცენარის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს.
“დაახლოებითი სცენარი გვაქვს და ვამუშავებთ სწორედ ამ სცენარს. დღეს ამ საკითხის და მონაწილეების განხილვა იყო. ჩვენ ასევე ველოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საბოლოო დასტურს იმაზე, თუ ვინ დაესწრება უცხოელი პარტნიორების მხრიდან. რამდენი სტუმარი იქნება, მას შემდეგ გაირკვევა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გვექნება ინფორმაცია. ორშაბათს ველოდებით ამ საკითხზე პასუხს. დღეისთვის ორ ლოკაციაზეა საუბარი – თელავი და წინანდალი. თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალოს. ინაუგურაციის დროს ახლად არჩეულ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ მივიდეს და იმ რიტუალურ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ბრძანებულებით იყო გაწერილი. ეს შეიძლება იყოს თბილისში, მთაწმინდის პანთეონი და ა.შ. თუმცა ამაზე დადასტურებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან საბოლოო სცენარი გაწერილი არ არის. ვიცით ის , რომ ინაუგურაცია უნდა იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური. კონკრეტულად ფიცის დადების ცერემონია თელავში იქნება, თუმცა მეორე ნაწილი შესაძლოა წინანდალი იყოს”, – განაცხადა კახიშვილმა.