საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის თელავი სხვადასხვა ფაქტორის გამო შეირჩა.
მისივე თქმით, ეს არის ქალაქი, სადაც ნაკლები ხმა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი მიუხედავად იმ განწყობებისა, რაც იყო თელავში. პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი, ის უნდა იყოს ზეპარტიული. ეს არის ძალიან საინტერესო ნაბიჯი, რათა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზუსტად ის შინაარსი ატაროს, რაც დევს კონსტიტუციურ ცვლილებებში”, – განაცხადა ბესელიამ. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციებს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დღეს ქვეყანაში დაცულია. „მადლობა ღმერთს, რომ აღარ გვაქვს დრო, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციების ეშინოდა ოპოზიციას”, – განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი ინტერესი და არა პარტიული ინტერესი ამ დღეს უნდა შეუერთდეს.