ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავსტრიის პრეზიდენტის შვილს საქართველო ისე შეუყვარდა, აქ ცხოვრებას გეგმავს

ავსტრიის პრეზიდენტის შვილისთვის, ფლორიენ ვან დერ ბელენისთვის საქართველოში ერთი ვიზიტი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქვეყნით დატყვევებულიყო. “ერთხელ ჩავედი საქართველოში და მის მერე ვერ ვივიწყებ” – ასე ამბობს პრეზიდენტის შვილი გამოცემა sova news-სთან (ავტორი – მართა არდაშელია).

როგორც ირკვევა ფლორიენმა ჩვენი ქვეყნის შესახებ, საქართველოს დელეგაციის წევრებისგან პირველად მაშინ შეიტყო, როცა სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ კონფერენციაზე იმყოფებოდა. ზუსტად მაშინ გადაწყვიტა მან ჩაფრენილიყო თბილისში და ერთი წლის შემდეგ ასეც მოიქცა.

თბილისში 2017 წლის აპრილში ჩამოვიდა. ის ესტუმრა სვანეთს და როგორც ამბობს, ძალიან წააგავს ის მისი მშობლიური ტიროლის მთებს.

“როცა ავსტრიაში დავბრუნდი, ღამეები არ მეძინა. თითქოს ისე ვიყავი, მაგარ ადამიანს რომ შეხვდები და სამი დღის მერე მოსვენებას არ გაძლევს ფიქრი, თითქოს შეყვარებული ხარ.” – ამბობს ფლორიენი.

პრეზიდენტის შვილი რამდენჯერმე ეწვია საქართველოს და როგორც თავად ამბობს, უნდოდა გადაემოწმებინა ქვეყნის უმაღლესი პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველო ინვესტიციების მოსაზიდად მიმზიდველი ქვეყანაა, რომ იქ არ არის კორუფცია და ვან დერ ბელენი, როგორც ტავად აღნიშნავს, ამაში დარწმუნდა.

მალე მან აქ საკუთარი კომპანიაც დააარსა და ახლა, უკვე ქვეყანაში მთლიანად გადმობარგებას გეგმავს.

“ევროპისთვის საქართველო ჯერ კიდევ ეგზოტიკაა” – აცხადებს პრეზიდენტის შვილი.

მისი თქმით, ეს არის ლიბერალური ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ფლორიენი ამბობს, რომ თავად საქართველოს მოქალაქეებიც კი ვერ აცნობიერებენ, თუ რა ტურისტული პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას.

ბოლოს, ფლორიენი მამამისზე საუბრობს. მისი თქმით, პრეზიდენტობა – ეს არის მამამისის მიღწევა და როცა მას ეკითხებიან, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც მისი მამა პრეზიდენტი გახდა, პასუხობს – არაფერი ისეთი, “შეიცვალა მხოლოდ ის, რომ მე მას იშვიათად ვნახულობ”.

ფლორიენი აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ მას პატარა ბავშვივით შეუყვარდა საქართველო და ახლო მომავალში გეგმავს საბოლოოდ, თავისი მთლიანი ბიზნესი გადმოიტანოს აქ და გადმოვიდეს ქვეყანაში საცხოვრებლად, სამშობლოსგან განშორება ცოტათი მაინც რთულია.

წყარო: sovanews.ge

თარგმანი: metronome.ge

 

იტვირთბა....