ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ვაშაძე, ზურაბიშვილი და ბაქრაძე 3 მილიონს მიიღებენ

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, bm.ge-თან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თითო-თითო მილიონ ლარს მიიღებენ.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს და ამ თანხით საპრეზიდენტო კანდიდატს შეუძლია არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯები დაფაროს.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამივე საარჩევნო სუბიექტი თითო-თითო მილიონს კანონით დადგენილ ვადებში, წლის ბოლომდე მიიღებს.

შექმნილი სიტუაცია გათვალისწინებულია 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტში უკვე გადააგზავნა.

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები იზრდება 10 მლნ ლარით და განისაზღვრება 60 მლნ ლარით. ზრდა ძირითადად გამოწვეულია არჩევნების II ტურის დაფინანსების, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში 10%-ზე მეტი ხმების მიმღები სუბიექტებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული თანხების ანაზღაურებით“, – ნათქვამია მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ცვლილებების პროექტს განმარტებით ბარათში.

შეგხსენებთ, რომ 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევმების მეორე ტური გაიმართა და საქართვეოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი ეყოლება.

იტვირთბა....