ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიგი უგულავა ნიკა რურუას წერილს აქვეყნებს, რომელიც მას ციხეში მიწერა

“ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში ნიკა რურუას წერილი გამოაქვეყნა, რო ელიც მან უგულავას ციხეში ყოფნის პერიოდში მიწერა.

“გიბრუნებ შენს სიტყვებს, რადგან სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. მშვიდობით Nika Rurua

2015 წელი. მატროსოვის ციხე

“ძმაო გიგი, გარბის დრო და ჩვენც ვბერდებით. მე ამასწინად 47 წლის შევიქმენი და ამ შთამბეჭდავმა რიცხვმა, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა იმაზე, რომ ეს წყეული წუთისოფელი ნახევრად უკვე გავლილი მაქვს. მანდ კი, სადაც შენ ხარ – “კურორტზე” – როგორც ძველი კატორღელები ეძახდნენ ციხეებსა და კოლონიებს, ალბათ დრო საშინლად ნელა და გულისგამაწვრილებლად მიიწელება. მაგრამ ეგ არაფერი. ბოლო-ბოლო ყველაფერი რაც გვგონია და გვეჩვენება, ისევ ჩვენი გრძნობისა და ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე ჩვენს გარეთ მყოფი რეალური რამ. გრძნობები კი რამდენად მატყუარაა, ორივემ კარგად ვიცით. ერთხელ ჯაბას ვკითხე, ციხეში რომ გსვამდნენ მორიგი დიდი “სროკით”, რას გრძნობდი, თავს როგორ იმშვიდებდი და მორალურად როგორ მტკიცდებოდი მეთქი?
საინტერესო პასუხი გამცა: მითხრა – ფილოსოფოსობას ვიწყებდი ჩემს თავთან, ვიხსენებდი იმ ხალხს და მეგობრებს, ვინც საერთოდ ცოცხალიც კი არ გადარჩა, და ამ და მაგვარი შედარებებით აღმოვაჩენდი ხოლმე, რომ ყველაზე ცუდად ნამდვილად არ ვიყავიო. მართლა ასეა – ყველაფერი რაც არ გვკლავს, მართლა გვაძლიერებს. ზოგ შემთხვევაში, სიკვდილიც კი უკვდავებას გვჩუქნის ხოლმე. მაგრამ, ეგ შორს ჩვენგან. კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, რომელიც მაინც უნდა გვიყვარდეს, მიუხედავას იმისა, რომ ხშირად ეს თითქმის შეუძლებელია, ისეთ მოღალატეობას ავლენენ მავანნი მისი რიგებიდან. სამაგიეროდ, არსებობს კარგი, თბილი, ცოტა დაჩაგრული, მაგრამ ოპტიმისტი საქართველოც, რომელმაც აქამდე რაღაცნაირად მოიტანა საკუთარი თავი, ენა, დამწერლობა, რწმენა, განვითარების სურვილი, და მგონი ამის გამო მაინც არ ღირს გაბრაზება ქვეყანაზე, რომელსაც დღეს მართლა ეშმაკები დაპატრონენ. ამ კახპებს რომ ვუყურებ, წესით დიდი დღე არ უწერიათ – ძალიან დესტრუქციული საზოგადოებაა ოლიგარქის ბეღელში თავმოყრილი, ვინც ერთმანეთსაც ვერ იტანს, და სხვებიც გულზე არ ეხატებათ. მოკლედ, საგიჟეთში პაციენტები რომ დაეპატრონებიან მთელ კლინიკას იმ ფილმში – ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა – ცოტა იმას ჰგავს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, დეზერტირობაა ხალხთან გაბუტვა და ქვეყნიდან წასვლა, თუნდაც პატიმრობა გვემუქრებოდეს. და ბოლო-ბოლო, ეს პატიმრობაც ხომ დროებითია და შენ და სხვები ამ გაუტეხელობის მყარ მორალურ მაგალითს გვაძლევთ. ეს პატივსაცემია ნაღდად. ნუ, ალბათ მობეზრებული გაქვს იმის მოსმენა, რომ მანდ დრო ჭკვიანურად უნდა გამოიყენო და მაგვარი “ბულშით” – ეს პატიმარმა თვითონ ყველაზე კარგად იცის. ჩემი აზრით, მანდაც ცხოვრებაა, თავისი სასიამოვნო ეპიზოდებით, ფიქრით, ვარჯიშით და სულიერი გაკაჟებით, ისე, როგორც ყველგან, სადაც ადამიანი ცდილობს განვითარდეს და იცოცხლოს, მხოლოდ არსებობის ნაცვლად.
ჩემი ტყუპები შენს გოგოებთან – ტასო და თინასთან მაგრად მეგობრობონ და უყვართ ერთმანეთი. ეს მე მიხარია, რადგანაც მე და შენი ხშირი კამათებისა და ჯუჯღუნის მიუხედავად, ეგ ბავშვები გვახსენებენ იმას, რომ არის რაღაც უფრო მთავარი და სერიოზული, ვიდრე დროებითი წყენაა ან პატივმოყვარეობა. რახან შვილები ვახსენეთ, ესენი საუკეთესო თაობაა, რაც ჯერ მინახავს საქართველოში – ჭკვიანები, კეთილები, მიზანდასახულები და არაქაჯები. იმედი მაქვს, რომ ამათ ჩვენი ბრძოლის ჩირაღდანს საიმედოდ გადავცემთ და ისინიც არ დაივიწყებენ იმ მთავარს, რაც ჩვენ და ჩვენს თანამებრძოლებს ერთმანეთთან გვაკავშირებს. თავისუფლებას, ანუ – ქვეყნის გარეთას თუ ქვეყნის შიგნითას. ჩვენი გარეთა თავისუფლებაზე რაც ენერგი დავხარჯეთ, იმდენი ქვეყნის შიდა თავისუფლებაზე რომ გვეზრუნა, კარგი იქნებოდა. მაგრამ ახლაც არაა გვიან. თავისუფლება, სახელმწიფოს მიერ პატივცემულ-დაცული მაინც მთავარი პირობა მგონია მთელი ქვეყნის წინსვლისთვის, რადგანაც მხოლოდ თავისუფალი გარემო ქმნის მაგარ ხალხს – მეცნიერებს, გამომგონებლებს, ექიმებს, არქიტექტორებს, ფინანსისტებს, ოფიცრებს, რომლებსაც ქვეყნის გაუმჯობესება და დაცვა შეეძლებათ. გამიგრძელდა მგონი სიტყვა, მაგრამ, თუ ამ ნაწერმა შენამდე მოაღწია, გამაგებინე რა გინდა რომ გამოგიგზავნო და ასეც ვიზამ. მანამდე, იმედს ვიტოვებ, რომ შენი ადვოკატები ატეხავენ მაგარ ხმაურს ჩვენთან ერთად, რომ კონსტიტუციის მკაფიო მოთხოვნა 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შესახებ არის ცალსახა და არანაირ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და არ შეიძლება მისი ხელოვნურად გაგრძელება ახალ-ახალი ბრალდებების გამოგონებით, რაც ამ ნორმას აზრს უკარგავს. ეს სერიოზული კოზირია, და მგონი მოსაგები აუცილებლად. ასე რომ ცოტა ცეცხლი შეუნთე მაგათ, რომ ამაზე მაგრა იომონ. მეც და დანარჩენებიც დავეხმარებით მედიის და წერის საშუალებით. აბა, დროებით და როგორც ჯოისი ამბობდა: “ჯერ ირლანდია, სტივ!”… ” – წერს გიგი უგუოლავა სიციალურ ქსელში.

იტვირთბა....