“საქართველოსა და ყველა მოქალაქეს არჩეული პრეზიდენტი ჰყავს, ამას სააკაშვილი დაემორჩილება თუ არა, არაფერს არ ცვლის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გლობალური დაუმორჩილებლობა სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდა გამოცხადებული და ამ პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.
„რისი თქმაც სააკაშვილმა შეძლო, ის არის, რომ მათ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების სწრაფი რეაქცია ნახეთ, რომელთაც მაშინვე უპასუხეს, რომ ეს მთელი პარტიის პოზიცია არ არის. არ ვიცი, სააკაშვილსა და ვაშაძეებს შორის რა კონსულტაციები შედგა, მაგრამ როგორც ჩანს, ვაშაძეებმა თავიანთი პირველი მოსაზრება ვერ დაიცვეს, შესაძლოა, მათ მოსაზრება მომავალშიც შეიცვალონ”, – აღნიშნა დეპუტატმა. თალაკვაძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმ ადამიანების პრეზიდენტია, ვინც აირჩია და ვინც შესაძლოა, მის წინააღმდეგ მისცა ხმა. „საქართველოსა და ყველა მოქალაქეს არჩეული პრეზიდენტი ჰყავს, ამას სააკაშვილი დაემორჩილება თუ არა, არაფერს არ ცვლის. ოპოზიციამ დამარცხება უნდა აღიაროს, როგორც ნახეთ, ლიდერებს ძალიან გაუჭირდათ, რომ დამარცხება აღიარონ. ეს უბრალო დამარცხება არ არის, არჩევნები დიდი უპირატესობით მოვიგეთ და დამაჯერებლად წააგეს. არ შეიძლება საუბარი მცირე განსხვავებაზე იყოს, როცა არჩევნებს 20 პროცენტით აგებ, ეს ნიშნავს, რომ წააგე და საზოგადოების არჩევანი უნდა აღიარო. მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის“, – განაცხადა თალაკვაძემ.