რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაეხმარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. ამის შესახებ კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ მუშაობა და გავაჯანსაღოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა“, – განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს ბოლო მონაცემებით, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 59.52 პროცენტით გაიმარჯვა.