პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” აგიტატორებს საარჩევნო სიები კანონიერად აქვთ და ფოტოსურათებიანი სიები ყველა პარტიისთვის ხელმისაწვდომია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ცდილობენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან.
„მინდა განვმარტო, რომ ჩვენს აგიტატორებს სიები აქვთ აბსოლუტურად კანონიერად, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია საარჩევნო სიები ფოტოსურათებით, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასეთი სიები აქვთ როგორც ჩვენს აგიტატორებს, ასევე სხვა პოლიტიკური სუბიექტების აგიტატორებსაც, ეს არის კანონით დაშვებული. არ ვიცი კიდევ ერთი ტყუილია, თუ თავის მოტყუება, რომ „რუსთავი 2“-ზე მუდმივად ცდილობენ, საკითხის ისე წარმოჩენას, თითქოს ვინმეს უკანონოდ აქვს სიები, რომლებიც არის ჩვენი აგიტატორების ხელში. სიები მათ აქვთ კანონიერად შესაბამისად მოვუწოდებ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან” – აცხადებს კობახიძე.
ცოტა ხნის წინ გორში ენმ-ის წარმომადგენელმა ოცნების აქტივისტებს სია წაართვა და თანხები მიაწერა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილისა და ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შორის უწევს.