ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რესპუბლიკური პარტია რუსეთ-უკრაინის ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რესპუბლიკური პარტია რუსეთ-უკრაინის სამხედრო-საზღვაო კონფლიქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს რესპუბლიკური პარტია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად დაგმოს შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ხელს უწყობს მთლიანად რეგიონში მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ დაძაბულობის ზრდას.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია თვლის, რომ შავი ზღვა წარმოადგენს ევროპულ ზღვას და რეგიონალური უსაფრთხოება, მათ შორის მიმდებარე ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მუდმივი საფრთხის ქვეშაა რუსეთის მხრიდან. რუსეთს მიტაცებული აქვს საქართველოსა და უკრაინის შავიზღვისპირა მხარეები – აფხაზეთი და ყირიმი, რაც თავისთავად ქმნის დაძაბულობას მთელს რეგიონში. პერიოდულად კი, ახლაც ამ დაძაბულობის ესკალაციას ეწევა რუსეთი.

საქართველომ ღიად და ოფიციალურად მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკრაინის მხარდამხარ გაიზიაროს პასუხისმგებლობა და რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის პროცესში იყოს ინიციატორი.

რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა და აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრა, რაც მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში არ შედის, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაზე, რისთვისაც საჭიროდ მიგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკრაინასა და საქართველოს შორის ოპერატიული და მჭიდრო თანამშრომლობა.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება საქართველოში, აგრეთვე 2019 წლის გაზაფხულზე უკრაინაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, უნდა ემსახურებოდეს ორივე ქვეყანაში რუსეთის გავლენების, დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების განეიტრალებას, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციას” – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.

იტვირთბა....