„ნოდარ ბურდილაძეზე თავდამსხმელი ორი კრიმინალი ასოცირებულია „ქართულ ოცნებასთან“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილის შეფასებით, რა მოტივით განხორციელდა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე თავდასხმა, უკვე მეორეხარისხოვანია, ვინაიდან თავდამსხმელები მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებული და მომხდარს პოლიტიკური ხასიათი აქვს.
„ჩვენი ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის წინააღმდეგ განხორციელებულ კრიმინალურ აქტში მონაწილეობას იღებდა ორი ადამიანი. დადასტურებულია უკვე, რომ რამდენიმე სახის იარაღიდან ჰქონდა ამ ადამიანს ჭრილობა მიყენებული. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ორზე მეტი ადამიანი ღებულობდა თავდასხმაში მონაწილეობას. ასევე დადგენილია, რომ ეს ორი კრიმინალი თავდამსხმელი აფილირებულია და კავშირშია „ქართულ ოცნებასთან“. შესაბამისად, ეს იყო პირადი მოტივი თუ ეს იყო სხვა დანაშაულებრივი მიზნის განხორციელება, უკვე მეორეხარისხოვანია. ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაიონში ასოცირდებიან „ქართულ ოცნებასთან“. შესაბამისად, პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ჩადენილი, უკვე პოლიტიკური ხასიათის არის,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ რომ 22 ნოემებერს ონში მომხდარი დაპირისპირებისას, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაჭრეს.
შსს-ის ცნობით, ამ ეტაპზე, დგინდება, რომ ონში მომხდარი დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი.