“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ადეკვატური შეფასება მისცენს სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას.
ამასთანავე, კალაძე საერთასორისო ორგანიზაციებს მიმართვას, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისტვის.
“პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ წარმატებულ ვიზიტს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. აღნიშნული ვიზიტისას მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არის სამართლიანი, კონკურენტული და რაც მთავარია მშვიდობიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რაც ქვეყანაში 2012 წლიდან დამკვიდრებულ მაღალ დემოკრატიულ და საარჩევნო სტანდარტს უსვამს ხაზს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე, ჩვენ მოწვეული გვყავდა ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია- ყველა მათგანმა ძალზე პოზიტიური შეფასება წარმოადგინა არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით.
მინდა მთელი ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ აღვნიშნო, რომ პირველ რიგში ხელისუფლების, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით წარმართვა და ჩატარება. ამიტომ, როგორც პოლიტიკური გაერთიანება ქართული ,,ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, მინდა მივმართო ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი გამოგზავნონ არჩევნებზე დამკვირვებლად, რათა ყველამ ერთად ვნახოთ, თუ როგორი მაღალი სტანდარტით წარიმართება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც და ზოგადად ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში, წარიმართება მაქსიმალურად თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არარეალისტური განცხადებები ვრცელდება წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებთ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სადამკვირვებლო პროცესს და დაუსაბუთებელი ბრალდებების ნაცვლად, ფაქტობრივ მასალაზე დაფუძნებული ინფორმაციები წარმოადგინონ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რათა არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს არც გავრცელებულ ინფორმაციასთან და არც ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანთან დაკავშირებით. ასევე, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, ნებისმიერ ინფორმაციაზე რაიმე ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ,რათა არავინ შეეცადოს წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
აქვე მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციის და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება. დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა კალაძემ.