“ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განუცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა რეალობის შეგრძნება, კომუნიკაცია საზოგადოებასთან, დაგროვდა უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე აისახა.
მისივე შეფასებით, ახლა მთავარია არ მოხდეს არანაირი ფორმით ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს ფართო კონსტიტუციური უფლებამოსილებები არ გააჩნია.
არჩევნების მეორე ტურში, ბუნებრივია, ხმას სალომე ზურაბიშვილს მივცემ. ამის მიზეზი არ არის ის, რომ აღფრთოვანებული ვარ იმ არჩევანით, რომელიც უნდა გავაკეთო – მიზეზი ის არის, რომ არ უნდა დავუშვათ ხელისუფლებაში რევანშისტების, მოძალადეებისა და ფაშისტების დაბრუნება.
არჩევნების პირველი ტური თავისი შედეგებით “ქართული ოცნებისათვის“ კატასტროფული იყო და ამას არავინ უარყოფს. ამას მარტივი ახსნა აქვს – “ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, დაკარგა რეალობის შეგრძნება, კომუნიკაცია საზოგადოებასთან, დაგროვდა უამრავი გადაუჭრელი პრობლემა და ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე აისახა. ამაზე თვითონ “ქართული ოცნების“ ლიდერებიც საუბრობენ, მაგრამ საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ურემი უკვე გადაბრუნდა. ახლა შედეგებს ვიმკით“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.