პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიმართავს.
როგორც კაკულიამ განაცხადა , ბიუჯეტის თანხების ხელყოფასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით კანონმდებლობა მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს.
რომან კაკულია პირველ არხთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუნდის მიმართ მის კრიტიკას არა მხოლოდ იღებს, არამედ მიიჩნევს, რომ გარკვეულ ნაწილში არასაკმარისიც იყო.
მისი თქმით, გუშინ გაცილებით უფრო ინფორმირებული ბიძინა ივანიშვილი ნახა, ვიდრე ეს მისი პირველი გამოსვლის დროს იყო.
იმედი მაქვს, რომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იმ შეცდომას არ გაიმეორებს, რაც ყველა მის წინამორბედს ჰქონდა, დაწყებული ზვიად გამსახურდიადან დამთავრებული მიხეილ სააკაშვილით. ყველას ისეთი შეცდომა ჰქონდა, საიდანაც თავის დაღწევა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იმ არხებს გააფართოებ, საიდანაც ინფორმაციას იმისთვის იღებ, რათა საკუთარი დასკვნები გააკეთო. იმედი მაქვს, რომ მის შეფასებებში გაჩნდება საშუალო დონეზე კორუფციის არსებობის სიგნალების რეაგირების აუცილებლობა ისევე, როგორც სხვა თემებზე. ეს თემა გამოგონილიც რომ იყოს, როგორც თავად ამბობს, სიცრუის მანქანის მიერ, ამ შემთხვევაშიც კი, რეაგირება აუცილებელია. მთავარია, საზოგადოებაში იმის აღქმა არ არსებობდეს, რომ ქვეყანაში კორუფციის დონემ იმატა”, – აღნიშნა კაკულიამ.
დეპუტატი აცხადებს, რომ მთავრობის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს მიესალმება.
ქვეყანაში ადამიანებს ეუბნები, რომ დიდი ხანი იქნება საჭირო იქამდე, ვიდრე კეთილდღეობა დადგება. ამ მოთმინებისკენ მოწოდების უფლება მხოლოდ იმ მთავრობას აქვს, რომელიც თავად ბევრად უფრო სუფთაა. ადამიანი, რომელიც 25 წელია სახელმწიფო სამსახურში ვარ, ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებდი, კანონმდებლობა მაქსიმალურად გამკაცრდეს ბიუჯეტის თანხების ხელყოფასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით. ეს არის ორი კონკრეტული ღონისძიება, რომლის გატარება აუცილებელია, რათა გუნდის მიმართ ნდობა თვისობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანოთ. ეს კითხვა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვხსნათ. ასეთი სახის დარღვევების შემთხვევაში სიმკაცრე იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ
არავის აზრად არ მოუვიდეს ტენდერებსა და ამ სხვა ტიპის ქმედებებში საბიუჯეტო თანხებისთვის ხელის ხლება. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოირიცხოს, თუ ნდობა გვინდა” – აცხადებს დეპუტატი.
კაკულია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად არ ხდებოდა.
ადამიანები იმ პრობლემების წინაშე მოწყვლადები არიან, რომლებიც თავის სტერეოტიპებში იკეტებიან და აუცილებელია, ინფორმაციის წყაროები გააფართოონ. საუბარი მიზანმიმართულ მოტყუებაზე კი არ არის, ადამიანი რეალობას თავისი ინტერესებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე აღიქვამს. ასეთი ადამიანის აზრით შესაძლებელია კორექტული იყოს, მაგრამ დასკვნის გაკეთება მაშინ არის ეფექტური, როცა საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანების მოსაზრებებს ისმენ და დასკვნას აქედან აკეთებ. საკუთარ გარემოცვაში ჩაკეტვის საშიშროება ყველამ განიცადა, ვინც ხელისუფლებას წარმოადგენდა. იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ დაემუქრება იმდენად გამოცდილი ადამიანია” – აღნიშნა კაკულიამ.