ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ წამოეგებით ამ სიცრუეს.. დეკემბერში იტყვიან, რომ სესხების განულებაზე მიკროსაფინანსოებმა უარი თქვეს”

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ, დეკემბერში იტყვის, რომ ესხების განულებაზე მიკროსაფინანსოებმა უარი უთხრეს.

ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ წამოეგონ ცრუ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა.

გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და შევახსენოთ, თუ ვინ არის „ქართული ოცნება“. გვინდა შეგახსენოთ ვისთან გვაქვს საქმე. „ქართული ოცნება“ ეს არის მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა მოსახლეობა თავისი დაპირებებით. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე არაერთი დაპირება აქვთ გაცემული, თუმცა არა შესრულებული. მაგალითად, ისინი გვპირდებოდნენ ნულოვან კრედიტებს, გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ სიცრუეში შეიყვანონ ამომრჩეველი, ფიქრობენ, რომ ამ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების შედეგის შეცვლას. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო, ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამე უშველის, თქვენი ხმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სიცრუესა და ტყუილზე არ წამოეგებით. მათ არაერთხელ სცადეს თქვენი მოტყუება და გამოუვიდათ წინა არჩევნების პრაქტიკას თუ ავიღებთ. მაგრამ ახლა დადგა დრო, რომ ამ სიცრუისთვის მათ ერთხელ და სამუდამოდ პასუხი აგონ. წინადადება იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ ვერ გაიგო საერთოდ ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში რა შეიცვლება ამ ქვეყანაში. კიდევ ერთი საკითხი არის ის, რომ მათ უნდათ, ეს ყველაფერი განხორციელდეს არჩევნების შემდგომ. მე დარწმუნებული ვარ, დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ სხვა რაღაცას გულისხმობდნენ. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი უთხრეს და ა.შ. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი სიცრუის ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება. მოგმართავთ ამომრჩევლებს, კიდევ ერთხელ, ნუ წამოეგებით ამ სიცრუეზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

იტვირთბა....