ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“600 000 კაცისთვის სერიოზული შეღავათია, მაგრამ ეს ხალხი ვალებს ისევ აიღებს, რადგან სხვა გზა არ აქვთ”

ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვალების განულებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ  ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. მისი შეფასებით, საბანკო დავალიანების განულებას გადაწყვეტილებას ქვეყნის განვითარებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ არსებული „მახინჯი საბანკო სისტემა არ შეიცვლება“.

როგორც გიორხელიძემ აღნიშნა, ის 600 000 ადამიანი, ვისაც დავალიანება გაუნულდება, ისევ ვალებს აიღებს, რადგან სხვა გზა არ აქვთ. მისივე თქმით, ხელისუფლებას დაავიწყდა, რა პრობლემებია ქვეყანაში.

„თუ პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებთ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ამას სხვა პოლიტიკური შეფასება ვერ ექნება. ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნები ამ გზით არ ვითარდებიან. ხელისუფლებების მიერ ჩამოყალიბებული ის სიმახინჯე, რასაც ქართული საბანკო სისტემა ჰქვია, შავი სიის შექმნის დაშვებით მიყვანილია ანტიკონსტიტუციურ უფლებამდე. ეს არის ხელისუფლების დანაშაული. ის მეორე, რასაც არასაბანკო საფინანსო დაწესებულებები ჰქვია, ისინიც ამ მახინჯი სისტემის ნაწილი არიან, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ეს მათი ბრალი არ არის. ეს ხელისუფლების ბრალია.

რა თქმა უნდა იმ 600 000 კაცისთვის ეს სერიოზული შეღავათია, მაგრამ იმ გარემოში, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული, ეს ხალხი ისევ ვალებში შევა, რადგან სხვა გზა არ აქვთ. ეს პოლიტიკა გამორიცხავს სამუშაო ადგილების შექმნას, ეს არ არის გამართულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა იმიტომ, რომ თვითონ ეკონომიკურ პოლიტიკაში დომინირებული სწრაფი განვითარება და დასაქმება არ არის.

ხელისუფლებას საერთოდ დაავიწყდა რა პრობლემებია ქვეყანაში, ადამიანი დაავიწყდათ. თვითკმაყოფილებაში ჩაიხრჩვნენ და შედეგი გამოვიდა ასეთი,“ – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

იტვირთბა....