ახალი ამბები

ბექა ნაცვლიშვილი: გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ჭარბვალიანობა იყო

“ქართული ოცნების” წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით,  მთავრობის ინიციატივა, ვალების განულების შესახებ სპონტანური რომ ყოფილიყო, რომელსაც არ აქვს წინაპირობა ან რეფორმა, შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჭარბვალიანობა იყო.

“ჩვენ გვახსოვს, როცა გიორგი კვირიკაშვილი წავიდა პრემიერობიდან, ამის ერთ-ერთი საფუძველი იყო ჭარბვალიანობა და ამის საფუძველზე გაზრდილი სიღარიბე, რაღაც სეგმენტში. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ პრემიერი გახდა მამუკა ბახტაძე, რომელიც ჭარბვალიანობის საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას. 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს ის რეგულაციები, რომელებიც ზღვრულ საპროცენტო განაკვეთს დაადგენს და ჭარბვალიანობის ალბათობას საფუძველშივე აღმოფხვრის, ასევე ამოქმედდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები, რამაც ეს პრობლემა უნდა მოხსნას. ამას წინ უძღოდა რამდენიმე რეფორმა. ეს რეფორმა ასეთი გადაწყვეტილების გარეშე ვერ იქნებოდა ეფექტიანი, რადგან ის რეფორმები, რომლებიც ტარდება და გატარდა, არის მომავალზე ორიენტირებული, რათა ადამიანმა ვეღარ დააგროვონ ვალები და აღარ დადგეს ჭარბვალიანობის პრობლემა, მაგრამ რა უნდა ეპასუხა მთავრობას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე დააგროვეს ჭარბი ვალები და იტანჯებოდნენ ამ ვალების ქვეშ? ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ მოვისმინეთ ოპონენტების განცხადება, რომ სახელწიფო უნდა ყოფილიყო ის ვინც დაფარავდა ხალხის ვალებს, ჩემზე მემარცხენე და ეტატისტურად განწყობილი ამ სტუდიაში ბევრი არ იქნება, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რადგან თუ ვინმემ ენმ-ის დროინდელი დერეგულაციებით ისარგებლა, ეს იყო ბანკები”…განაცხადა ნაცვლიშვილმა TV პირველის ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

იტვირთბა....