მიკროსაფინანსო კომპანია “ვივუსი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მზად არიან სესხების განულებაზე მთავრობასთან მოლაპარაკება აწარმოონ.
„დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით, სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.
ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ, ჩვენ მიერ დასახელებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.