სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატის კომენტარს “1ტვ” ავრცელებს.
„ყველამ იცის, რომ ჭარბვალიანობა არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე პრობლემა. მე არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს წინა, სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე, თუ რამდენად რთულია ასეთ ქვეყანაში, როცა მაგალითად ინტერნეტით შეიძლება მცირე კრედიტების აღება. ამ ყველაფერს სჭირდება რეგულირება და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.