„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელის ლევან ნატროშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ დღეს დაანონსებული ინიციატივა, ვალების ჩამოწერის შესახებ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ლიბერალი” ავრცელებს.
ზოგადად, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს ვინმე, თუმცა ამას აქვს თავისი ფორმები და კანონი არ უნდა დაირღვეს.
ჩვენი კანონმდებლობით რეგულირდება ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხი და წერია, რომ საარჩევნო მიზნით რაიმე სიკეთის გადაცემა ან სიკეთის დაპირება არის აკრძალული, ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად. გამონაკლისი არის დაშვებული ბიუჯეტის განაწილებაზე, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან რაიმე კონკრეტული პროგრამის განხორციელება თუ მოხდება, ეს არ ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ კერძო ფონდი „ქართუ“ განახორციელებს ამ პროექტს და დაუფარავს ბანკის დავალიანებას დაახლოებით 600 ათას ადამიანს. იმის გათვალისწინებით, რომ მისი მფლობელი ყველამ იცის, ვინც არის და ბიძინა ივანიშვილს აქვს საარჩევნო მიზნები, იკვეთება, სწორედ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები. წინ არის არჩევნების მეორე ტური და პერიოდიც ისეა შერჩეული და ისე გახმაურდა ეს ინიციატივა, რომ აშკარაა საარჩევნო მიზანი.
ზოგადად, ცუდია, რომ ასეთი ტიპის მეთოდებით ცდილობენ ამორჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას და მათი ხმების ყიდვას ემსგავსება რეალურად. ფაქტობრივად, ჩვენს ხმას ყიდულობენ, ასე გამოდის და არჩევნების კონკურენტუნარიანობას სერიოზული ზიანი ადგება. ყველა ქვეყანაში მიღებულია, რომ დიდ ფულს არ უნდა შეეძლოს ამომრჩევლის ყიდვა და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ეს გარკვეულ რეგულაციაში უნდა მოექცეს. როცა ასეთი ინიციატივაა, ეს პრინციპები ირღვევა,” – ამბობს ლევან ნატროშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.