თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული მ.ჯ. და ი.ტ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, 2018 წლის 25 თებერვალს, განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ, ყაჩაღურად თავდასხმის მიზნით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსი გააჩერეს, რომელსაც მართავდა ზ.ჯ. და მეტროსადგურ ,,მარჯანიშვილთან’’ მიყვანაზე შეუთანხმდნენ. გზაში მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ მძღოლს ავტომანქანა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განთავსებულ ე.წ. დევნილთა საერთო საცხოვრებელთან გადაახვევინეს, მ.ჯ.-მ ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი ამოიღო, რის შემდეგაც მან და ი.ტ.-მ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაზარალებულს 40 ლარი, ავტომანქანის გასაღები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა მ.ჯ. და ი.ტ. 2018 წლის 27 თებერვალს თბილისში დააკავეს. მ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის), ხოლო ი.ტ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ჯ.-ს 9 წლით, ხოლო ი.ტ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ვინაიდან ი.ტ. დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა, იგი სასჯელს შესაბამის დაწესებულებაში მოიხდის.