თბილისის საკრებულოს წევრი თემურ გიორგაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თ. გ. შეხვდა მოქალაქეებს ე. ხ.-სა და ტ. ა.-ს, რომელთაც ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლის შესახებ, კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა სურდათ. ბრალდებული თ. გ. ე.ხ.-ს დაპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია მის ახლობელს შეიწყალებდა. ერთ-ერთი შეხვედრისას, თ. გ. მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის ნაწილს – 3 500 აშშ დოლარს, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს. ბრალდებულმა ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს, ხოლო მოტყუებით დაუფლებული თანხა ლიფტის შახტაში ჩააგდო.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ თ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა”, – წერია სასამართლოს განცხადებაში.