არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთ მხარეს დგანან ადამიანები ნიღბებში”: არჩილ თალაკვაძემ ახალქალაქში მოსახლეობას მიმართა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ახალქალაქში შეხვედრები გამართეს, სადაც სიტყვით უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გამოვიდა.

“მინდა პირველ რიგში ჩვენი გუნდის სახელით ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო სალომე ზურაბიშვილმა და იმ იდეამ, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული არჩევანი. ერთ მხარეს დგანან ადამიანები ნიღბებში, თქვენ გახსოვთ ისინი და მათ მიერ ჩადენილი საქმეები. მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი, მართალი ადამიანები, თქვენი არჩეული ადამიანები. ეს არჩევანი დღეს განაპირობებს ჩვენს მომავალს. მათ სურთ წარსულით შეგვიცვალონ მომავალი, ჩვენ კი გვსურს ნამდვილი მომავალი გვქონდეს. ამაშია განსხვავება.

თქვენ გინდათ რომ ამ ადამიანებმა ნიღბები ჩამოიხსნან და თავიანთი ძველი სახე დაგვანახონ? თუ გინდათ რომ კარგი მომავალი გქონდეთ? თქვენ ხომ გინდათ რომ ეს ახალგაზრდები ჩაერთონ და შეცვალონ ქვეყანა უკეთესობისკენ?

მატყუარები რომ არიან საიდან ჩანს?! მათ წააგეს პირველი ტური, თანაც აქ ძალიან წააგეს, ხალხს კი ეუბნებიან რომ პირველი ტური მოიგეს და ახლა მეორე ტურის მოგებაც სურთ. აი რა სიცრუეს ეუბნებიან ადამიანებს. ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური და მეორე ტურსაც მოვიგებთ, კიდევ უფრო დამაჯერებლად, თქვენთან ერთად.

მე მსურს ასევე მხარი დავუჭირო ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ძმებს, თქვენ მიერ არჩეულ დეპუტატებს – ენზელ მკოიანს და იმ ადამიანებს, ვინ სამცხე-ჯავახეთს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში. მაგარი დეპუტატები გყავთ და ეს არის ძალიან ძლიერი კავშირი თქვენსა და ჩვენ შორის. თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ ენზელს, თუ მოვლენ კიდევ უფრო მეტნი და თავს დაესხმებიან, ჩვენ კიდევ უფრო მეტნი შევგროვდებით და პასუხს გავცემთ 28 ნოემბერს. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ!” – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

 

იტვირთბა....