ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სულხან სალაძე: მერიას სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს, რომ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს აქციის ადგილის შეცვლა მოსთხოვოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით,  მერიას არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს ზაზა სარალიძისა და მალახაზ მაჩალიკაშვილისთვის აქციის ადგილის შეცვლის მოსათხოვად.

როგორც სალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, ნაძვის ხის აღმართვა არ ნიშნავს, რომ მის სიახლოვეს სტერილური გარემო უნდა შეიქმნას და ადამიანებს კანონიერი მოთხოვნების დაფიქსირების საშუალება შეეზღუდოთ:

“ნაძვის ხის აღმართვა არ ნიშნავს სტერილური გარემოს შექმნას იქ და ადამიანებს  არ ჰქონდეთ მათი კანონიერი მოთხოვნების დაფიქსირების საშუალება.  თუ ქალაქის რომელიმე ნაწილში  ნაძვის ხე უნდა აღიმართოს, ეს არ ნიშნავს, რომ იქ რაიმე სახის პროტესტის დაფიქსირება ვინმეს ეკრძალებოდეს.

ცხადია, აქ არ არის საუბარი ხელის შეშლაზე, ღონისძიებების ჩაშლაზე, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტი შეუძლია ყველას და ნაძვის ხე არ არის ისეთი მოვლენა, რომ ამის გამო ვინმეს უთხრან, დატოვოს ტერიტორია”, – ამბობს საიას თავმჯდომარე.

სალაძის თქმით, უკანონოა ისიც, რომ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ. საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში ამ თემაზე მიმდინარე განხილვას განზრახ წელავს:

“ამ დრომდე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ეუბნებიან მაჩალიკაშვილს და სარალიძეს კარვის გაშლაზე უარს. სასამართლოში პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ჩვენ ამ საქმეში ვართ ჩართულნი და ვხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ ცდილობს მაქსიმალურად დროის გაწელვას. როდესაც საუბარია ოპერატიულ ინფორმაციაზე, რომელიც თვეზე მეტია ვერ მიიტანეს სასამართლომდე” – ამბობს სალაძე.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისის მერიიდან გაფრთხილების წერილი მიიღეს, რომ იწყება საახალწლო სამზადისი და რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.

ამავე თემაზე: კანონი არის მარტივი გამოსავალი – კალაძე სარალიძეს და მაჩალიკაშვილს პასუხობს 

იტვირთბა....