საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სოფელ ატოცში ვიზიტთან დაკაშირებით, კომენტარი გააკეთა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი, უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით.
ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა – სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს.
ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ არასდროს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. ვფიქრობ, საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებს გააკეთებს”. – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.