თავდაცვის სამინისტრო გენშტაბის ყოფილი უფროსის დევი ჭანკოტაძის ვიდეომიმართვას ეხმაურება. სამინისტროს განცხადებით, სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, კონკრეტულად კი, გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გააკეთა. პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია, აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში.
სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია, სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზების მცდელობა. აღნიშნული ქმედება დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის. მოცემული განმარტების მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს შეიარაღებული ძალები პოლიტიკურად მიკერძოებულია. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ის არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.