შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ატოცთან არსებულ ვითარებას დღეს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, სახელმწიფო არ აპირებს, შეეგუოს არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს.
როგორც „ადგილზე გავეცანი ვითარებას. დღეს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პოზიციას, რომელიც აქვს სახელმწიფოს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს და ბუნებრივია, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ მომავალშიც, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და საქართველოს შუაგულში მავთულხლართები დაიშალოს. მავთულხლართების ამ პოლიტიკას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა ძალიან ცალსახა შეფასებები. დღეს საქართველოში სტუმრად მყოფი ბრიტანეთი ევროპულ საკითხებში მინისტრი ალან დუნკანი ეხმაურება მას და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უნდა დაიშალოს მავთულხლართები, უნდა მოხდეს მათი დემონტაჟი. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით და ქმედებებით ვუპირისპირდებით ამ პოლიტიკას. ჩვენი პასუხია, მეტი განვითარება, მეტი პროგრესი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ატოცის ნაწილში მავთულხართები 2008 წლის ომის შემდეგ არის გავლებული. რამდენიმე დღის წინ კი რუსმა სამხედროებმა მავთულხართების გავლება განაახლეს.