საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა, რომ გია ვოლსკი მართალი არ იყო, როდესაც თქვა, რომ სხვა გზა არ იყო, თითქოს, მოსამართლეები ან ცეცხლითა და მახვილით უნდა გაგვეყარა, ან დაგვეტოვებინა ის მოცემულობა, როცა კოლექტიურ მურუსიძეს კარტბლანში დავუტოვეთ
დღეს სასამართლო სისტემაში ვინ შედის და ვინ არ შედის, ამ გადაწყვეტილებას ის შემადგენლობა იღებს, რომელმაც გირგვლიანის პრეცედენტი შექმნა. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც არჩევანი ჰქონდა. მე იმის მომხრე არასდროს ვიქნები, რაც სააკაშვილმა გააკეთა, როცა მოსამართლეები გაყარა და სისტემა გამომძიებლებითა და პროკურორებით დააკომპლექტა. ამის შედეგებს ჩვენ დღეს, ათი წლის თავზე ვიმკით. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა გამოსავალი. სისტემა ნელ-ნელა უნდა შეგვეცვალა და ვაკანსიებზე მოსამართლეებად ახალი, სისტემის გარეთ მყოფი ხალხი უნდა დაგვენიშნა“– განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობა გადმოიბარა და ის უარყოფითი მემკვიდრეობა გაამყარა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა.
მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძე, ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციულ პალატაში და უზენაეს სასამართლოში იყო და, რომლის მიმართაც არაერთი ჟურნალისტური გამოძიება თუ კითხვა არსებობს, ამ ხელისუფლების დროს სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა“, – განაცხადა დოლიძემ.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა აღნიშნა, დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე არის ვანო ზარდიაშვილი, რომელზეც ცალსახა მტკიცებულებები არსებობს – Youtube ვიდეო, სადაც სასამართლოს თანამშრომლები გამოდიან და ამბობენ, თუ როგორ ერეკებოდა ის მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში კონკრეტული პოზიციის დასაკავებლად.
განადგურებას ბრჭყალებში იმიტომ ვამბობ, რომ ეს ვიდეოჩანაწერები სად წავიდა, ჩვენ არ ვიცით. ვიღაც ხუთმა ადამიანმა ნახა, რომ ისინი გაანადგურეს. ვიცით, ამ ჩანაწერებს ვინ, როგორ, რატომ და ვის წერდა?! როგორ გგონიათ, მოსამართლეები ამ ვიდეოჩანაწერებში არ იყვნენ?!“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, „სიმართლის პროცესით“ უნდა დადებულიყო სრული სურათი, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების დევნა და ჩაწერა.
ყოფილი კუდ-ისა და სოდ-ის რამდენი თანამშრომელი იცით, ვინც მსგავსი ტიპის უკანონო ჩანაწერებისთვის გასამართლდა?! ერთი-ორი ადამიანი, თორემ დანარჩენი თითქმის უცნობია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.