პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ოქრუაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას ეხმიანება.
მისი თქმით, კარგად ახსოვს 2006 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, როცა ოქრუაშვილი კახეთში რთველის შტაბს ხელმძღვანელობდა და კახელ ფერმერებს დაემუქრა, თუ რთველის მიმდინარეობაზე რამე პრეტენზია ექნებოდათ, დააპატიმრებდა.
„ჩემს კახელ გლეხებს მინდა დავპირდე, რომ ოქრუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ცეცხლითა და მახვილით რთველს ვერასოდეს ჩაატარებენ და ვერც ვენახის გაჩეხას მოსთხოვენ კახელ გლეხებს, რომლებმაც წელს 285 მილიონი ლარის ყურძენი ჩააბარეს.
მედიიდან შევიტყვე, რომ ოქრუაშვილი თავის გუნდს – ნაცმოძრაობას დაუბრუნდა. ეს ჩემთვის კიდევ ერთი ნიშანია, რა პოლიტიკური „მორალი“ აერთიანებთ ჩვენს ოპონენტებს. კახელ გლეხებს ვპირდები, რომ მათ დაიცავს საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ უდგას მმართველობის სათავეში. ეს არის განსხვავება, რომელიც ასევე ადეკვატურად აისახება არჩევნების მეორე ტურში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. ოქრუაშვილმა ვაშაძე თავის სახლში მიიწვია.
შეხვედრის დეტალები იხილეთ ბმულზე: ირაკლი ოქრუაშვილი გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა (ვიდეო)

