საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ნინია კაკაბაძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილება, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ მედიისთვის არაჯანსაღი პროცესია.
როგორც მან „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, აღნიშნული ნაბიჯი, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აისახება და ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე.
„„იმედის“ გადაწყვეტილება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებში არ ჯდება, მაგრამ ეს არის კერძო ტელეკომპანია და აქვს ყველაფრის უფლება, ამისთვის პასუხს ვერავინ მოსთხოვს. ვფიქრობ, გუშინდელი განცხადება არის თვალის ახვევა ადამიანებისთვის, თითქოს აქამდე რაიმე სხვა რეჟიმში იყვნენ, უბრალოდ, ახლა ძალიან გააშიშვლეს თავიანთი სარედაქციო პოლიტიკა, თორემ ზუსტად იგივეს აკეთებდნენ აქამდე. ალბათ, გადაწყვიტეს, „რუსთავი2“-ს მიბაძონ, თუ კი მათ ამ შედეგს, მიაღწიეს, ჩვენთვის სასურველ შედეგსო. ცხადია, ეს ძალიან არაჯანსაღი პროცესია, მედიისთვის საზიანო, მაგრამ რას ვიზამთ ეს არის ჩვენი რეალობა.
მედია არ არის თავისუფალი ჩვენს ქვეყანაში, არსებობს რამდენიმე, ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალი მედია – ეს არის TV პირველი და „რუსთავი 2“, მაგალითად. ამ შემთხვევაში, „რუსთავი2“, როგორც ოპოზიციური ტელევიზია, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ყოველთვის უფრო მომგებიანია არხი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის და არა სასიკეთოდ. როცა „იმედი“, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში, იყო ოპოზიციური არხი, ეს იყო მისთვის ძალიან მომგებიანი პოზიცია და დღევანდელი პოზიცია, როცა ის „ოცნების“ ინტერესებისთვის იბრძვის, იქნება მისთვის წამგებიანი“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ
მისივე შეფასებით, ტელეკომპანია “იმედის” პოზიცია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, იმუშაოს ოპოზიციის წინააღმდეგ, აისახება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანაგარიშში, რაც იმოქმედებს არა მხოლოდ იმედზე, არამედ ჩვენი ქვეყნის იმიჯზე.