“ევროპული საქართველოს” მიერ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბრიფინგი გამართა და დამარცხება აღიარა.
ბაქრაძემ იქვე აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეთანხმება ძალაშია და მეორე ტურის შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.
„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა.
ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
“ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც “BCG ReaserCh“-მა ჩაატარა ეგზიტპოლების შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37%-მა, სალომე ზურაბიშვილს – 34%-მა, დავით ბაქრაძეს კი 17%-მა დაუჭირა.