თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მისცემს საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა აქტუალური საკითხი ამომწურავად განმარტა.
“მინდა, სამძიმრით დავიწყო. გუშინ გორში ძალიან დიდი უბედურება, ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. ყველას გვყავს პატარები, შვილები და ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის. რაც შეეხება დღევანდელი ჩემი გამოსვლის შინაარსს, პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ჟურნალისტებთან, რომელიც დღეს გაიმართა. მან დღეს ჟურნალისტების წინაშე ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, მათ შორის ის საკითხები, რომელთა გამოყენებასაც პარტიული ტელევიზია – „რუსთავი 2“ საარჩევნოდ ნეგატიური ფონის შესაქმნელად იყენებდა. ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და ღირებულებები და ეს არის გარანტია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან”, – განაცხადა კალაძემ.