ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი მარიხუანას შესახებ კანონპროექტზე: თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ

კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ შფოთვას ვერ გავიზიარებ, – ამის შესახებ განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 3 ჟურნალისტთან შეხვედრის დროს.

„კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში შევიდა, საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით და არსად ყოფილა საუბარი ნარკოტიკულ მოხმარებაზე. ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, საპატრიარქოს რეაქცია და შევაჩერეთ ეს კანონპროექტი. მეც ვმონაწილეობდი კანონპროექტის განხილვაში, სანამ პარლამენტში შევიდოდა. რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომაც შევიდა ეს კანონპროექტი პარლამენტში, ეს არის ძალიან დიდი რენტაბელობა, რაც ჩემთვის საინტერესოა – 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდეს ერთ, ორ და სამ წელიწადში.

მარიხუანას მწარმოებელი ქვეყნები მინდა ჩამოვთვალო, ვინც აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს: ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია და როცა გუნდშიც გვქონდა ამის განხილვა, გუნდის წევრების ნაწილს არ მოსწონდა ეს ჩამონათვალი და ამბობდნენ, რომ ისინი განვითარებული ქვეყნები არიან. ასევე, უზბეკეთი დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს სამრეწველო დანიშნულებით.

რა თქმა უნდა, შფოთვაზე, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, გუნდის რეაქცია იყო ადეკვატური და კანონპროექტი შევაჩერეთ. გაგრძელდება ამაზე მსჯელობა, მათ რიცხვში საპატრიარქოსთან და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ახლა წავალთ. თქვენს ზრუნვას და შფოთვას კი ვერ გავიზიარებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის არანაირი მორალური საფუძველი არ აქვს და არ გვჯერა, რომ თქვენ ამაზე შფოთავთ. თქვენ არ შფოთავთ ამაზე, თქვენ ეძებთ ინტრიგებს. სამედიცინო და კოსმეტიკური წარმოების მიზნით ამ იდეას მხარს ვუჭერდი მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ დამატებით 1 მილიარდი და შესაძლოა, 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოვახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით. წარმოება არ არის იოლი, მაგრამ მთავარია ჩვენი საზოგადოების რეაქცია. ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს ეკლესიას, დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პატრიარქს, მეუფე შიოს, სხვა მეუფეებს, ვინც შეშფოთდნენ და რეაქციაც იყო ადეკვატური“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

იტვირთბა....