გუშინ, “გირჩის” ყველა დაკავებული წევრი გაათავისუფლეს. თავისუფალია პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, ასევე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ნიკა ობოლაძე, აჩო ხაჩიძე და დათო გაბუნია.
პოლიციის სამმართველოდან გამოსულებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ისინი დაკავებულები არ ყოფილან, არამედ გამოკითხვაზე იყვნენ გადაყვანილი.
“ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის (მათ შორის გირჩის წარმომადგენლების თუ პრეზიდენტობის კანდიდატის) მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
აღნიშნული გაფრთხილებების მიუხედავად, 2018 წლის 20 ოქტომბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დედა ენის ბაღში, (მათ მიერ გავრცელებული განცხადების შესაბამისად) ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გასაღების და მოხმარების მიზნით, შეიკრიბნენ გირჩის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, თუმცა, დედა ენის ბაღში შეკრებილებმა ვერ შეძლეს ე.წ. ფესტივალის გამართვა.
სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანეს ფესტივალის მონაწილე 8 პირი. აღნიშნულ პირებს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდათ ჩხრეკა და გამოკითხვის შემდეგ დატოვეს პოლიციის დაწესებულება. ჩხრეკის შედეგად ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.