შსს-მ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა, რომელსაც ბრალი ედება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვასა და ძალადობაში. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ერთ-ერთ მოქალაქეს, 1983 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს შეხვდა. მან ლ.კ.-ს, ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის ვალის დაბრუნების მოტივით, თვითნებურად განსაზღვრული თანხის – 70 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა.
აღნიშნული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, 11 ოქტომბერს, გ.გ. კვლავ შეხვდა ლ.კ.-ს, რა დროსაც მას, თანხის გადაუხდელობის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოძალადე გამომძალველი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში დააკავეს.
გამოძიება ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ფაქტებზე, სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.