“ბასიანსა” და “გალერიში” სპეცოპერაციების დროს დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ისინი ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა. ამ გაცხადებას პროკურატურამ სიცრუე უწოდა და ადვოკატები სიცრუის ტირაჟირებაში ამხილა.
მთავარი პროკურატურისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ქეთი მურუსიძისგან განხორციელებული 5 საკონტროლო შესყიდვიდან 3 შემთხვევაში შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები. მათივე განმარტებით, არანარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა ბრალდებულ ლაშა მამულაიშვილისგან განხორციელებული შესყიდვის შემთხვევაშიც.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ “კლუბების საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არა ნარკოტიკული საშუალებები.
ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.
რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ-ს საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.
საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები “ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ “ფეიქებს,” – არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან.
შეგახსენებთ, რომ კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატების ინფორმაციით, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა.
როგორც ჟამუტაშვილის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ და მურუსიძის ადვოკატმა გია გოროზიამ ambebi.ge-ს განუცხადა, ციტრამონი და პარაცეტამოლი მტკიცებულების სახით არის ამოღებული.