არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაერთიანებული ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავად აცხადებს.

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი გადადის საგანგებო მდგომარეობაზე. ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს. ჩვენ დავინახეთ, საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს, აღარც ხელისუფლება გვყავს.

დავინახეთ, რომ სახელმწიფოს, ხელისუფლების ყველა შტოს მართავს დაჯგუფებები, კრიმინალური შეიარაღებული ბანდფორმირებები. სასჯელაღსრულების სისტემაში სუფევს სრული განუკითხაობა და კრიმინალი, როდესაც ვიღაც სუბელიანს თანამდებობის პირები შეჰყავს პატიმრების დასაკითხად და წამებაზე დასასწრებად.

დავინახეთ, რომ პროკურატურას გარედან მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და მისი შეიარაღებული დაჯგუფება. დავინახეთ, რომ სასამართლო გადაქცეულია მაფიოზური კლანის დაჯგუფებად, რომელიც უპირობოდ ასრულებს მაფიოზების ყველა ინსტრუქციას“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში.

მან ერთი მხედრიონი კი არ აღადგინა, შექმნა რამდენიმე მხედრიონი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები. დავინახეთ მწამებელთა შეიარაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ და აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ მათ სასამართლოში მისცენ ჩვენებები.

დავინახეთ, რომ შს მინისტრის მონაწილეობით ფიზიკური ზემოქმედება მოხდა 51-ე სკოლის მოსწავლეებზე იმისათვის, რომ მათ მიეღოთ სასურველი ჩვენებები. დადასტურდა, რომ შალვა თათუხაშვილი, სახელოვანი ვეტერანი, მოკლულია ე.წ. ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

იტვირთბა....