ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სარდაფებში, საკნებსა თუ კაბინეტებში მომწამლავი კვამლი ხრჩოლავს”

ამ ქვეყანაში…

ის, რასაც თვალს ამ დღეებში ვადევნებთ, ბოლო ასი წლის საქართველოს რუტინა, ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა!.. საინტერესო ის არის, რომ ეს ყველამ მშვენივრად იცის. ყველამ მშვენივრად იცის, რომ აქ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება, ყველაფერი დაშვებულია. აქ ყველამ მშვენივრად იცის ის, რომ ხელისუფლება, მის ყველა შტოში და რგოლში, სახელმწიფო ინტერესის ნაცვლად, კერძო ინტერესს ემსახურება, ოღონდ… ეს მუდმივად ასე არ უნდა გრძელდებოდეს და იმედია არ გაგრძელდება!

ყველას გვახსოვს ერთი ჭარბწონიანი პოლიტიკოსის მილიონის შოვნასთან დაკავშირებული რეპლიკა, რომელიც მედიაში მოხვდა… სულელს თუ შეეპარება ეჭვი იმაში, რომ მისი საგნებისადმი, კონკრეტულად კი პოლიტიკაში პოლიტიკოსის ადგილისადმი ასეთი მიდგომა ფაქტობრივად, ქართველ პოლიტიკოსთა 99%-ის მიდგომას ემთხვევა და გამოხატავს. ამ ქვეყნის პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობის უმთავრესი მიზნები და სურვილები მართლაც უაღრესად პროზაულია და სახელმწიფოს აღმშენებლობასთან მხოლოდ ფურცელზე გაწერილი ვალდებულებები აკავშირებს… ვალდებულებები, რომელთა არშესრულებაც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს და მხოლოდ ამიტომ სრულდება (ან ამიტომ იქმნება შესრულებულის ილუზია), თორემ დარწმუნებული იყავით, საქართველოს განვითარებულ, თანამედროვე სახელმწიფოთა რიგებში ჩაყენების ენთუზიაზმი ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობაში არათუ არ ანთია, ოდნავადაც არ ბჟუტავს. “ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა!” – უთქვამს პოეტს და სათქმელისთვის ერთი მისხალითაც არ გადაუჭარბებია.

ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ მთავარია ღიად და ყველას დასანახად არ დააშავოს, თორემ ფარდის უკან რაც უნდა ის უქნია… კი, მე ვიცი, რომ იქ, სადღაც სარდაფებში, საკნებსა თუ კაბინეტებში მომწამლავი კვამლი ხრჩოლავს, მაგრამ თანახმა ვარ ამ კვამლზეც, ოღონდ მის “სურნელს” მე ნუ მაგრძნობინებთ, ჩემამდე ნუ მოიტანთ.

ამ ქვეყანაში ძალაუფლებახელშიჩაგდებული წრისგან საზოგადოებისთვის სახეში ფურთხება იქამდეა დასაშვები, სანამ ფურთხი ყველას თანაბრად გვხვდება და შეურაცხყოფასაც იქამდე ვერ ვგრძნობთ და ასეთად ვერ აღვიქვამთ, სანამ კონკრეტულ ინდივიდს ნერწყვის მორევში არ ამოავლებენ.

ამ ქვეყანაში სუბელიანები, ფარცხალაძეები და ა.შ. “ღირსეული” ადამიანები, რომელთაც თურმე მუნდირის ღირსება არ აძლევთ ვიღაც გარეწრების “ჩაშვების” უფლებას, თუმცა იგივე ღირსება ადამიანების წამებაში ხელს სულაც არ უშლის, იმ ძალაუფლებით სარგებლობენ, რომელიც პირდაპირ და ირიბად ყოველ ჩვენთაგანზე ვრცელდება და გარკვეულ გავლენას ახდენს.

ამ ქვეყანაში სახელმწიფოს განვითარება იქამდე არ უწერია, სანამ ძალაუფლება არა პროდუქტიული მართვის, არამედ მერკანტილური მიზნების მიღწევის საშუალებად დარჩება.

ამ ქვეყანაში არათუ სახელმწიფოს განვითარებას, ქვეყანასაც არ უწერია არსებობა თუ ისინი, ვინც ყველაზე ბნელ ჯურღმულებში უნდა სწევდნენ მათი უბადრუკი ბუნებისთვის განკუთვნილ ჭაპანს, ადამიანურ მწვერვალებს capo-ებად მოექცევიან და თავიანთ უბადრუკობას თავს სხვა ადამიანებსაც მოახვევენ.

ვასო შონია

იტვირთბა....